არასამთავრობო: მთავრობას მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემა დეცენტრალიზაციის დოკუმენტის გარეშე, კოდექსითაც შეუძლია

1050

სტატია მომზადებულია “ლაივპრესის” მიერ

კოალიცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას შეახსენებს, რომ ის იმ პარლამენტის და იმ კომიტეტის წევრია, რომლის ფუნქციაც მთავრობის ზედამხედველობაც არის.

ასე გამოეხმაურა “ლაივპრესთან“ საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი მაჟორიტარის განცხადებას, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის საკითხზე, სადაც ქვარაიამ საფუძვლიანი უწოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი. განცხადებაში ქვარაიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი კომისია, ამ საკითხს სამუშაო სხდომაზე ცალკე თავად განიხილავს.

თავის მხრივ “კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში დეპუტატებს შეეძლოთ ეს საკითხი მანამდეც წამოეწიათ წინ, ისე, რომ არ დალოდებოდნენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტს, მითუფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არსებობს შესაბამისი ჩანაწერილი:

“არსებობს თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მაგალითად 162-ე მუხლი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს თუნდაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემის საკითხებს. შევახსენებდი ბატონ მერაბს, რომ ის სწორედ იმ პარლამენტის და იმ კომიტეტის წევრია, რომლის ფუნქციაც არის მათ შორის მთავრობის ზედამხედველობა და როდესაც მთავრობა რაღაცას არ ასრულებს, იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ მოსთხოვოს ამის შესრულება. ეს სტრატეგია ვერ იქნება მაშველი რგოლი, რაღაც საკითხების გადასაწყვეტად. რატომ ველოდებით სტრატეგიას, როცა კოდექსში უკვე არსებობს ჩანაწერი“, – აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული ჯერ კიდევ იწერება, მხოლოდ მოიაზრებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხს და კონკრეტული ჩანაწერი ამ მიმართულებით ამ დრომდე არ გვავქს.

“ერთადერთი ჩანაწერი არის მხოლოდდამხოლოდ კეთილი სურვილი, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ ქონება. გასაგებია ეს და ძალიან კარგია, რომ ეს კეთილი სურვილი არსებობს, მაგრამ იმის იქეთ უნდა არსებობდეს კონკრეტული ჩანაწერები, მაგალითად, რა ტიპის ქონება, რა პერიოდში, რა ვადებში უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს და ა.შ.“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ არ სრულდება თვითმმართველობის კოდექსის მუხლი ქონების გადაცემაზე, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სტრატეგიის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი შესრულდება.

მის მოსაზრებას იზიარებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მთავრობამ არ შეასრულა თვითმმართველობის კოდექსით აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის გეგმა.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრატეგიაშივე, თუკი ეს მანამდე ვერ მოხერხდა, ახლა მკაფიოდ გაიწეროს რა სახის ქონებას გადასცემენ მუნიციპალიტეტებს და რა ვადებში. ეს სტრატეგია ჯერ-ჯერობით მაინც სამუშაო ვერსიაა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ამ სტრატეგიაზე მუშაობს, ასახავს რა ვადაში და რა სახის ქონებას გადასცემს მუნიციპალიტეტებს“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

“ლაივპრესის“ კითხვაზე რა მიზეზით ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე, “კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ იგივე მიზეზით, რატომაც არ ხდება დეცენტრალიზაცია:

“როგორც ჩანს ძლიერი თვითმმმართველობა ხელისუფლებას უბრალოდ არ სჭირდება არცერთ დროში, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.