ქუთაისში ქართველი პოეტების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლს დადგამენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსდება ძეგლები, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთ ადგილად ციფერყანწელთა ქუჩა განიხილება.
“ძეგლების განსათავსებლად მიმდინარეობს ადგილის შერჩევა და ზუსტდება ხარჯთაღრიცხვა”, – განმარტავენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ განათლება ქუთაისში მიიღეს და ქუთაისშივე, თანამოაზრეებთან ერთად დაარსეს ლიტერატურული გაერთიანება “ცისფერი ყანწები” და გამოსცემდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალს, სადაც იბეჭდებოდა ორდენის წევრთა შემოქმედება. ახალგაზრდა პოეტები და მწერლები თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურასაც.
პროდასავლური მისწრაფებების გამო, 1930-იან წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურული ორდენი გააუქმა, მისი წევრები კი ხალხის მტრებად გამოაცხადა.
პაოლო იაშვილმა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება დააპატიმრებდა, 1937 წელს მწერალთა კავშირის სხდომაზე თავი მოიკლა. ტიციან ტაბიძე კი დახვრიტეს. მეორე ვერსიით, მას გადასახლება მიუსაჯეს და ციმბირის ტრამალზე თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.