ახალგაზრდების ინიციატივით თელავის უნივერსიტეტთან მოსაცდელი მოეწყო

1325

სტუდენტური საინიციატივო ჯფუფის ინიციატივით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მგზავრთა მოსაცდელი  მოეწყო. პროექტი თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, ახალგაზრდებმა აღნიშნული ინიციატივა თვითმმართველობას თელავში ჩატარებულ “ახალგაზრდულ კონფერენციაზე“ მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს აღნიშნული საკითხი და მხარდაჭერაც მიიღეს.

“ინიციატივის დაყენების შემდეგ ახალგაზრდები შეხვდნენ მერს და საკრებულოს წარმომადგენლებს, ესაუბრნენ ინიციატივის მნიშვნელობაზე, მიაწოდეს ამ საკითხზე ინფორმაცია და მხარდაჭერაც მიიღეს, რადგან თვითმმართველობამ მოიწონა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული პროექტი.

თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა დაამონტაჟა მგზავრთა მოსაცდელი კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს. თელავის მუნიციპალიტეტის მხარს უჭერს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას‘’,- აცხადებენ მერიაში.

თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციის მონტაჟისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 200 ლარამდე დაიხარჯა.

როგორც სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრებიამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდულს ინიციატივებს მხარს უჭერს.

“ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, რომ თვითმართველობასთან თანამშრომლობით მოგვეგვარებინა პრობლემა, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა და მუშაობამ გამოიღო შედეგი.

საბოლოოდ ვთვლით, რომ ეს შედეგი ორივე მხრის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის თელავის მინიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიას თანამშრომლობისთვის. იმედია, ეს პრეცენდენტი გაზრდის მოტივაციას ახალგაზრდებში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ახალგაზრდული ინიციატივა განხორციელდება“, – აღნიშნა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნინი ბოჭორიძემ.