თბილისის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს – “თბილისი” ატარებს. როგორც საკრებულო იუწყება, კონკურსი ერთდროულად ხელოვნებისა და ლიტერატურის რამდენიმე სფეროს მოიცავს, მონაწილეობის მსურველებს კი განაცხადების გაგზავნა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.
უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის, ასევე, წლის საუკეთესო სიმღერისა და ქანდაკების ნომინაციებზე შეეძლებათ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კი წარმოდგენილია ნომინაცია “წლის საუკეთესო ესსე”, რომელშიც თემატიკა ყოველწლიურად განსხვავებულია. წელს ესსეს თემებია: „ილიას საქართველო“, ასევე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი შემოქმედება. ამასთან, განსაკუთრებული ღირებულების მქონე ნაწარმოებს ჟიური სპეციალურ პრიზს გადასცემს.
ნამუშევრების მიღება 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლებსაც კონკურსის სიმბოლო-ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცემათ, “თბილისობის” ღონისძიების ფარგლებში მოხდება.
უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ნაწარმოების გაგზავნა და ელექტრონული სააპლიკაციო საკონკურსო განაცხადის შევსება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზეა განთავსებული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ნაწარმოების გაგზავნა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეუძლიათ: konkursitbilisi@tbsakrebulo.gov.ge