ბახტაძე: ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

1270

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის, “აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრმიერის თქმით, ქარხნა წელიწადში 40 000 ავტომობილს აწარმოებს, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ევროკავშირში საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.

“პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია “ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის “ვოლვო“,“ ფოლკსვაგენი“, “ფორდი“, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები, წარწერით “made in Georgia”, იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპის ბაზარზე საქართველოდან.

“ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ გაყიდონ თავიანთი ძველი ავტომობილები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები, ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა, რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმნილიყო ეს საწარმო. მე მინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში შეიქმნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება, ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამარჯვებები წინ კიდევ უფრო ბევრი გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.