მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

843

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

როგორც წყალმომარაგების კომპანიასი აცხადებენ, ამ დროისთვის, პროექტის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2019 წლის 23 აპრილის 16:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ.

პროექტის დაწყება 2019 წლის ივნისშია დაგეგმილი და 2021 წლის თებერვალში დასრულდება.

“მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა დღემდე არ არსებობს, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბი სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციის და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან. ასევე, მოეწყობა დაახლოებით 2.5 კმ. წყალარინების ქსელი“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.