მთაწმინდის, დიდუბის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში 1 126 ავარიული კორპუსია აღრიცხული

1014

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურიდან გამოცემა “ინტერპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, მთაწმინდის, დიდუბის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში 1 126 ავარიული კორპუსია აღრიცხული.

ავარიული კორპუსების რაოდენობის შესახებ თბილისის მერიაში სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობენ.

რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, როგორც უწყებაში განმარტავენ, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დაცული მასალების მიხედვით, მთაწმინდის რაიონში 467 ავარიული კორპუსია აღრიცხული, აქედან 9 მწვავედ ავარიულია, ხოლო 16 კორპუსის მდგრადობის შეფასება “ფორსმაჟორია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კორპუსების საცხოვრებლად გამოყენება შეუძლებელია.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სამოქმედო ტერიტორიაზე აღრიცხულია 400-მდე ავარიული სახლი. ამასთან, დღეის მდგომარეობით, გლდანის რაიონში 20, ხოლო დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე 239 ავარიული კორპუსი ფიქსირდება.

სხვა გამგეობებიდან გამოცემა “ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ ოფიციალურ პასუხებში აღნიშნულია, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.

“ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა მექანიზმებს ფლობს თბილისის მერია ავარიული შენობების აღრიცხვის კუთხით, უწყებაში განმარტავენ, რომ შენობის ავარიულობის დადგენა მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ხდება და სხვა შემთხვევაში უწყება დედაქალაში მდებარე შენობების ავარიულობას არ ამოწმებს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.

“ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ არ ხდება ავარიული და დაუმთავრებელი შენობების მონიტორინგი. მოქალაქეთა მომართვის შემდეგ იწყება შენობა-ნაგებობის შემოწმება, პარალელურად ერთვება მუნიციპალური ლაბორატორია, დგინდება ავარიულობის ხარისხი და მდგომარეობიდან გამომდინარე იგეგმება შესაბამისი ღონისძიება. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება შენობის ავარიულობა, 4 სართულამდე სახლების გამაგრებით სამუშაოებს ატარებენ გამგეობები, ხოლო უფრო მაღალსართულიან შენობებზე პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურია,“ – განმარტავენ მერიაში.

მერიაში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, მოსახლეობა ქირით გაყავთ, სანამ ინვესტორი არ გამოჩნდება.