პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე განათებებს შეცვლიან

716

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე “თბილსერვის ჯგუფს“ პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების კონკრეტულ ადგილებში განათებების შეცვლის, ხოლო ბარათაშვილის აღმართზე კლდის გასანათებელი პროექტის მომზადება დაავალა.

“მინდა დაგავალოთ, რომ პუშკინის ქუჩის 19 ნომრიდან ბარათაშვილის ქუჩის 26 ნომრის ჩათვლით, ალბათ დაკვირვებულები ხართ განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც განათება ირთვება, საკმაოდ მოუწესრიგებელია ეს მიმართულება, არადა ისტორიულად ულამაზესი ადგილია, ისტორიული შენობა-ნაგებობები დგას. მე მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება – ეს წითელი, ყვითელი, ლურჯი, არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს იმას, რაც ამ კონკრეტულ ადგილს გააჩნია. მინდა დაგავალოთ რომ პროექტი გააკეთოთ, რათა ერთიანობაში ჩაჯდეს ეს ყველაფერი და ერთნაირი განათება გვქონდეს.

ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, კლდის მხატვრული განათების პროექტიც გააკეთოთ, რომ ესეც მოწესრიგებული და ლამაზი იყოს. რეაბილიტაციის შემდეგ ეს ქუჩა მართლაც ლამაზი გამოვიდა და მგონია, რომ ამ მხატვრული განათებებით კიდევ უფრო გავალამაზებთ და კიდევ უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.