გორის მერია საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომლის ასაყვანად გამონაკლისის დაშვებას სთხოვს

967

გორის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომლის ასაყვანად გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“2018 წლის მაისის თვეში გორის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა სოციალური საცხოვრისი. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს დაევალა აღნიშნულ შენობაში უსახლკარო და თავშესაფრის არქმონე პირთა შესახლება, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ თავშესაფრის მაძიებელთა ბაზაში. საკითხის შესწავლისას გამოირკვა, რომ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილი მოქალაქეები, რამაც წარმოშვა პრობლემები სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა, სოციალურ საცხოვრისში ოთახების აღწერა, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მათთან მოლაპარაკება ოთახების დატოვების მიზნით. რათა მოხდეს უსახლკარო პირების საცხოვრისით დაკმაყოფილება”, – ნათქვამია წერილში, სადაც მერია ახალი თანამშრმლის აყვანის საჭიროებას განმარტავს. 

უწყების განმარტებით, “ვინაიდან მითითებული საქმიანობის განხორციეება არ შედის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის კომპეტენციებში, საჭიროა შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ იქნას პირი, რომელიც განახორციელებს ზემოაღნიშნულ სამუშაოებს”.

მისცემს თუ არა საკრებულო გორის მერიას კიდევ ერთი თანამშრომის აყვანის უფლებას, აპრილის თვის დასაწყისში, საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა.

ინფორაციისთვის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. ეს ლიმიტი კი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში უკვე ამოწურულია.