თუკი მერია შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს, შესაძლოა, მასში შესახლება აიკრძალოს

1365

წინა სტატია

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მერია ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ფუნქციონირების აკრძალვიაზე მუშაობს.

“ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს ისეთ სცენარს, რომ ფიზიკურად ვერ მოხდება ობიექტის ექსპლუატაცია იმიტომ, რომ კორპუსში ვერ მოხდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდება და ინდივიდუალური მომხმარებლების აბონირება. ეს არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რითაც იქნება უზრუნველყოფილი, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ ობიექტზე არ მოხდეს ადამიანების შესახლება ექსპლუატაციაში მიღებამდე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ კონსულტაცია გრძელდება სამშენებლო სექტორის წარმომადგებლებთან”,- განაცხადა ხმალაძემ.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ.

ვიცემერის თქმით კი, თბილისის მერია ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს.

წელს თბილისის მერიამ 281 შენობიდან 135 ექპულატაციაში არ მიიღო.