თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით, თბილისის მერია ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს. მისი თქმით, ამნისტია მიმდინარე მშენებლობებს არ შეეხება.
“თბილისში აშნებული, მაგრამ სამართლებრივად ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობები, დაახლოებით, 800-მდეა. მიზეზი სხვადასხვაა. რა თქმა უნდა, ეს არის სამშენებლო დარღვევები და გადაცდომები, პროექტიდან გადახრები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს ინიციატივა, მოხდეს ერთიანი ამნისტირება და ამ ობიექტებს მივცეთ შესაძლებლობა მივიღოთ ექსპლუატაციაში, ოღონდ კონკრეტული კატეგორია, დროში ჩაკეტილი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები და პუნქტები, უშუალოდ ის დარღვევები, რომელიც მითითებული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტებში. ეს არ იქნება ამნისტია კანონის გამოცემისთანავე. ეს იქნება კანონის გამოცემის შემდეგ მიცემული შესაძლებლობა, რომ ეს ობიექტები მივიღოთ ექსპლუატაციაში მიუხედავად იმ ცალკეული სამართლებრივი დარღვევებისა, რომელიც ამ ობიექტებს ახასიათებს“, – განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ხმალაძემ განმარტა, ამნისტიას, შესაძლოა, დაექვემდებაროს პროექტის, პარამეტრების, მიჯნის ზონისა და პარკირების რაოდენობის დარღვევა.
მისივე განმარტებით, ამნისტია უკვე დასრულებულ მშენებლობებს შეეხება, რომელსაც მშენებლობის დასრულების ვადა გასული აქვს 2019 წლის 1-ელ იანვრამდე.
“ჩვენ არ ვლაპარაკობთ მიმდინარე მშენებლობებზე, რომ ამით არ მოვახდინოთ სტიმულირება აწი დაიწყონ კომპანიებმა გარკვეული გადაცდომები. ინიციატივით შევალთ ჩვენ პარლამენტში და თუ იქნება მხარდაჭერა, ეს სამართლებრივი პრობლემა მოუგვარდება ათასობით ოჯახს. საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, გუშინ გვქონდა შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან დადებითად და პოზიტიურად მიიღეს ეს წამოწყება. ამის პარალელურად გამკაცრდება პასუხისმგებლობა სამშენებლო დარღვევებზე. ეს იქნება რადიკალური გამკაცრება, რაზეც მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას”,- განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ.
ცნობილია, რომ წელს თბილისის მერიამ 281 შენობიდან 135 ექპულატაციაში არ მიიღო.