“ოპტიმალ გრუპმა” შესყიდვების სააგენტოში გორის მერიას დავა მოუგო და ის ტენდერი გააუქმებინა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელების ინსპექტირების მიზნით, საექსპერტო კომპანია უნდა დაექირავებინა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ 24 მარტს მიიღო. მომდევნი დღეს, 25 მარტს, გორის მერიამ საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ მუნიციპალიტეტი 1 წლით ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადების საფრთხის წინაშე დადგა.
“ოპტიმალ გრუპი” კი, საჩივარში უთითებს, რომ მერიამ, ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული პირობები წამოაყენა. ეს ის მომჩივანი კომპანიაა, რომელიც გასულ 2018 წელს ამავე გორის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ზედამხედველობას უწევდა.
საქმე ეხება ყველა იმ სამუშაოს, რომელიც 50 000 ლარზე მეტი ღირებულებისაა. დღეს მოქმედი წესით, ეს სამუშაოები ვერ განხორციელდება, თუ შესაბამისი საექსპერტო ორგანიზაცია, სამუშაოების შესრულების დროს, საგზაო თუ სამშენებლო კომპანიას ზედამხედველობას არ გაუწევს.
გორის მერი მთავრობის წინაშე გაგზავნილ წერილში წერს, რომ ტენდერის გაუქმების შემდეგ, საჭიროა ახალი ტენდერის ჩატარება, ეს კი, შესაძლოა, 50-60 დღე, მაისამდე გაგრძელდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საექსპერტო კომპანიას ევალება არა მარტო მიმდინარე სამუშაოების ექსპერტიზა, არამედ, სამუშაოების დაწყებამდე, საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმებაც. ეს კი, გორის მერიის მტკიცებით, საკმაოდ გრძელვადიანი სამუშაოა.
25 მარტს, საქართველოს პერმიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წერილობით გორის მერიას აცნობა, რომ უფლება აქვთ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, დაიქირავონ კომპანია, რომელიც ამ საზედამხედველო სამუშაოებს შეასრულებს. მიუხედავად ამისა, მერიას შესყიდვების სააგენტოსგანაც ჭირდება თანხმობა. შესყიდვების სააგენტოს 24 მარტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ გორის მერიამ “ოპტიმალ გრუპის” მიერ გასაჩივრებულ ტენდერთან დაკავშირებით ახალი ტენდერი უნდა გამოაცხადოს.
ცნობისათვის, საზედამხედველო-საექპერტო კომპანია “ოპტიმალ გრუპის” დასკვნების მიხედვით, 2018 წელს, გორის მერიის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოების დროს, არაერთი ობიექტი თუ გზა ხელახლა სარემონტო გახდა. თუმცა, მერიაში ამ კომპანიის მიმართ პრეტენზიებიც აქვთ, რაც აისახა 2019 წლის გამოცხადებულ ახალი ტენდერის პირობებში.
2019 წელს საზედამხედველო-საექპსერტო კომპანიის დაქირავების მიზნით გამოყოფილია 675 000 ლარი. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორის მერიას უფლება მისცა საზედამხედველო კომპანია, ტენდერის გარეშე, 2020 წელშიც დაიქირავონ.
“იმისათვის, რომ არ გაჭიანურდეს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში და უფლება მოგვეცეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გავაფორმოთ ხელშეკრულება” – აღნიშნულია გორის მერის კოტე თავზარაშვილის წერილში.