შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი facebook-ის გვერდზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკუთარ მოდელს სთავაზობს. მისი თქმით, აუცილებელია, უწყება დაიშალოს, გამოეყოს ცენტრალური ფუნქციების მატარებელი რგოლი, რომლითაც ახალი უწყება შეიქმნება, პარალელურად კი უნდა შეიქმნას მუნიციპალური პოლიცია, რომლის უფროსიც პირდაპირი წესით მოსახლეობამ უნდა აირჩიოს.
“ვეჭვობ, “ერთხანს” კიდევ მოუწევს თქვენს გუნდს ხელისუფლებაში ყოფნა. ამასობაში კი ქვეყანა უკან უკან მიდის და ჭაობში იძირება. საუკეთესო გამოსავალი თქვენი სახლში წასვლა იქნებოდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. დროს კი ქვეყანა ფუჭად კარგავს. ამასობაში კი საჭიროა სასიცოცხლო რეფორმების გატარება იმისთვის, რომ თქვენს მიერ დაჭაობებული წყალი აიმღვრეს და ქვეყანას ძველი “მიმზიდველობა” დაუბრუნდეს.
ბევრი “უგონო” დღემდე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ხერხემალი შინაგან საქმეთა სამინისტროა, მაგრამ ამ “უგონოების” ნაფიქრს თქვენც და თქვენი არაერთი წინამორბედი შეცდომაში ჰყავს შეყვანილი. ამ ყველაფერს ნიშნისმოგება არ მალაპარაკებს. ეს ყველაფერი თუ რას ნიშნავს, მაგ კაბინეტში ყველაზე ადეკვატურად პირველმა მე დავინახე, იმიტომ, რომ კომუნისტებიდან დაწყებული, კვირაია-თარგამაძე-ნარჩემაშვილით დამთავრებული ყველას დატოვებული ნაგვის წმენდა მე მომიწია. თქვენ კი გასუფთავებული კაბინეტიდან “იმდენს ვეღარ დაინახავთ”.
რას გთავაზობთ?
გამოყავით სამინისტროდან ცენტრალური ფუნქციების მატარებელი რგოლი: კრიმინალური, სამხარეო და სასაზღვრო პოლიცია, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სანებართვო სამსახური (იარაღის, მართვის მოწმობების, ავტომობილების რეგისტრაცია) საინფორმაციო სამსახური და მონაცემთა ბაზა და მის ბაზაზე შექმენით ახალი (შსს) ორგანო.
დარჩენილი ფუნქციები: რაიონული და საპატრულო პოლიცია (ადმინისტრაციული ჯარიმებიანად მიმართეთ ადგილობრივ ბიუჯეტში), აგრეთვე, სამაშველო სამსახური გახადეთ მუნიციპალური და დაუქვემდებარეთ მერებს და გამგებლებს (საერთოდ მერები და გამგებლებიც ისეთი გყავთ, ორ ბატს, რომ ვერ ჩააბარებ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება);
სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის დონეზე მოახდინეთ დანაშაულის იურისდიქციის დიფერენციაცია. გარკვეული დანაშაულის გამოძიება (მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა, კიბერდანაშაული და ა.შ.) გახადეთ ექსკლუზიურად ცენტრალური, კრიმინალური პოლიციის ქვემდებარე, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამოძიება თუ ადგილობრივი მნიშნელობის წვრილმანი საკითხების გადაწყვეტა ექსკლუზიურად მერებისადმი დაქვემდებარებული მუნიციპალური პოლიციის ქვემდებარე.
ვინ უნდა დანიშნოს მუნიციპალური პოლიციის უფროსი?
ამ ყველაფრის ყველაზე საინტერესო ნაწილი აქაა.
საკანონმდებლო აქტით დაადგინეთ მუნიციპალური პოლიციის უფროსის თანამდებობისათვის აუცილებელი კრიტერიუმები (განათლება, ასაკი, სტაჟი და ა.შ.) ხოლო მათი არჩევა მოხდეს ხალხის მიერ პირდაპირი წესით, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში.
პირველი, ამით პოლიციის უფროსის ნამუშევარს შევაფასებინებთ უშუალოდ ხალხს და არა თქვენ ან თქვენს რომელიმე “დოქსოფულო” მოადგილეს;
მეორე, პოლიციის უფროსებს ვაქცევთ ნამდვილ საჯარო, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ პირებად, რომლებმაც საარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელი ყველა წესის დაცვით უნდა მოიპოვონ მათი თანამდებობა (ამ დროს ისწავლიან, რომ ოქროს ჯაჭვები და სამაჯურები უნდა მოიხსნან, კევი არ უნდა აღლაჭუნონ და ა.შ.) და არა თქვენი ახლობლობით ან ვაზელინის დიდი დოზით”, – წერს ოქრუაშვილი.