კალაძე: ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქში პრობლემები გვაქვს

1588
გიორგი ისაკაძის ფოტო

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და მის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა.

“ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ჩვენ საქმიანობას ოფიციალურად შევუდექით. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს. შესაბამისად, ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებული ავტობუსების პარკი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და მისი განახლება, ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით შვებას მოგვცემს.

ასევე, საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებები მივიღეთ სამშენებლო მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, როგორ უნდა ვიყოთ დაცული იმისგან, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. მნიშვნელოვანია ასევე, სკვერების გამწვანება, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მომდევნო წლების განმავლობაში გამოსწორდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.