ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა

1070

წინა სტატია

ანაკლიის პორტში პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილია 2020 წლის ივლისში, პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტისთვის დაფინანსება ჯერ არ აქვს მოზიდული, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ანუ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მას შემდეგ, რაც ინვესტორი მოახდენდა სრულ ფინანსურ დახურვას ანუ მოიზიდავდა როგორც საკუთარ დაფინანსებას, კაპიტალს, ასევე ნასესხებ თანხებს, იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელებისთვის, მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შერჩეული იქნებოდა მშენებელი და შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან კონტრაქტორი კომპანია, პორტის ოპერატორი და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიები ჯამურად 40 მილიონი დოლარის ოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, რეალურად პორტის მშენებლობის გარკვეული სამუშაოები 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.

“ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ამ პორტის მშენებლობისთვის. გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების პირველი წინასწარი ფაზა. ეს სამუშაოები რომ დაწყებულიყო, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში, გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით, სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები, არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი კონტრაქტორი და რაც მნიშვნელოვანია, კონსორციუმს არ ჰქონდა მოზიდული არც საკუთარი დაფინანსება და ასევე არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ ასევე გაათავისუფლა კონსორციუმი 20 მილიონი დოლარის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან.

“ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს კონსორციუმიდან, ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილს, თუმცა ვიცით, რომ დეტალური პროექტირება ჯერ კიდევ, დაახლოებით, 60 პროცენტით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია. პირველი გემის შემოსვლა კონსორციუმს დაგეგმილი აქვს და გრაფიკითაც გვაქვს გათვალისწინებული 2020 წლის ივლისში, პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ვადებში დასრულდება.