საფინანსო შეთანხმების – “ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოსთვის 48 მილიონ ევრომდე დახმარებაა გათვალისწინებული, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საფინანსო შეთანხმების – “ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე – კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფაზე, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობაზე.
მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ასევე, მინდა გამოვყო ევროკავშირის პროგრამა „DCFTA Facility”, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, 11-12 ივლისს, ბათუმში, იგეგმება მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება “აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ 10 წლისთავის აღნიშვნას.
“ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გავმართავთ მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს, სადაც ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი და კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება განვიხილოთ რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ერთობლივად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო წავახალისოთ და ავიყვანოთ ახალ დონეზე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.