კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 335 მეტრი სიგრძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოეწყობა, როგორც სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები.
“გზის საფარის ზედა ფენა, როგორც ქუჩაზე ასევე მის მიერთებებზე, წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, ღორღოვანი ასფალტბეტონით მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, ხელშეკრულების მიხედვით შპს „იბოლიამ“ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს”, – ამბობენ მერიაში.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, 2018 წელს გორის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სანიაღვრე სისტემაც მოეწყო და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მძღოლებსა და ქვეითებს, კახნიაშვილის ქუჩაზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
ასევე, ცნობილია 7 პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 7 211 240 ლარით დაუფინანსდა.