საერთაშორისო ორგანიზაციამ “ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) და “საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ” კვლევა – “აგრობიზნესის საჭიროებების შეფასება” – ჩაატარეს.
კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით იმერეთსა და რაჭაში განხორცილდა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კვლევა 2014-2016 წლებში ჩატარდა და ფერმერების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის პოტენციური გზების იდენტიფიცირება მოხდა. ადგილობრივი აგრობიზნესის საჭიროებების შესწავლის შედეგები დაეხმარება ადგილობრივ, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს იმერეთისა და რაჭის რეგიონებში ერთობლივი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების დაგეგმვაში.
კვლევამ გამოავლინა, თუ რა მიმართულებით არის საჭირო ადგილობრივ ფერმერთა მხარდაჭერა. კერძოდ: კვალიფიციურ აგრონომებსა და, განსაკუთრებით, ვეტერინარებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება; პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვის ხელშეწყობა; სათიბ-საძოვრების ეროზიის პრევენცია; მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის გაუმჯობესების საჭიროება; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების საჭიროება; სასოფლო-სამურნეო სექტორში ფერმერებისთვის სპეციალური სასწავლო კურსებისა და დარგობრივი კონსულტაციების მიწოდება; ახალი გადამამუშავებელი და მარკეტინგული საწარმოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მცირე და საშუალო ფერმერთა კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობის გაგრძელება; ბუნებრივ-კლიმატური საფრთხეებისგან მოსალოდნელი ზიანის შემცირებისთვის მეტი ინვესტირება და სხვა.
აგრობიზნესის საჭიროებების კვლევა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.