ნანა ბაგალიშვილი
წნორის ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი
30 წლის “გოგო-ბიჭების” გამოკვებაზე ხშირად დაჟინებულ პასუხისმგებლობას მშობლები იღებენ. შვილებთან ფსიქოლოგიური ჭიპლარის მოჭრა ვისაც უჭირს, მავნე ისევ შვილისთვისაა და შიშით არაღიარებული ტვირთი კი – მშობლისთვის.
ათწლეულებია, საქართველოს მთავრობა და თვითმმართველობები ურთიერთობის ზუსტად იგივე მოდელს იმეორებენ. ცენტრალური ხელისუფლება დაჟინებით არ აღიარებს, რომ თვითმმართველობები სათანადოდ გაიზარდნენ და დროა, ცენტრმა ფინანსური და უფლებრივი დამოუკიდებლობა მისცეს.
მთავრობას ბოროტი დედინაცვლის როლი აქვს – 64 თვითმმართველ ერთეულს თავისი პარტიულ-პოლიტიკური ხუშტურების მიხედვით გაუნაწილოს, ან არ გაუნაწილოს ფული და ძალაუფლება.
პარლამენტის და მთავრობის მაღალჩინოსნები ჩვენი მუნიციპალიტეტების ჩვენ მიერვე არჩეულ მერებს ეუბნებიან, თქვენზე კარგად ვიცით, თქვენს სოფლებსა და ქალაქებში ხალხს რა აწუხებსო. “მზრუნველის” როლს ამოფარებულები, ფულსა და ძალაუფლებას არ გვაძლევენ თვითმმართველობებს. არადა, ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკეთ იცის, რა უჭირს ჩემს სოფელს, ვიდრე პარლამენტსა თუ მთავრობაში მჯდომმა?! ამ მარტივი ლოგიკის აღიარება არ უნდა ცენტრს.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
ვის ეშინია დეცენტრალიზაციის? – ხელისუფლებას, რომელსაც უნდა, რომ ძალაუფლება სრულად აკონტროლოს და არ დაუნაწილოს ადგილობრივ თვითმმართველობას.
რა აშინებს? – პარტიული გავლენის შესუსტება და არჩევნების დროს მერების გავლით ხალხის მობილიზების ბერკეტის დაკარგვა.
მაშინ რატომ ვირჩევთ მერებს? – კარგი შეკითხვაა, ვის რაში სჭირდება მარიონეტული მერები და თვითმმართველობები, თუ მაინც ცენტრის დაკრულზე დარბიან?
ვინ რჩება წაგებული? – ჩვენ, ხალხი, რომელიც ადგილზე, რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენი საჭიროებით მივდივართ მერიაში პრობლემის მოგვარებისთვის და მერია კი ამბობს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის, ეს რომელიღაც სამინისტროს პასუხიმგბელობაა.
მოქალაქესა და სამინისტროს შორის კი წამოუდგენელია თანამშრომლობა ადგილობრივი პრობლემის გარშემო. ამიტომ, ადგილზე პრობლემები, ცენტრი კი – სირაქლემას პოზიციაში რჩება, რომ, თითქოს, თვითმმართველობებში/სოფლებში ყველაფერი რიგზე გვაქვს.
მინდა, ჩემს მერიასა და საკრებულოს ჰქონდეს უფლება, განკარგავდეს ყველა ცარიელ და უფუნქციო შენობას, რაც ჩვენი თვითმმართველობის ტერიტორიაზეა. იცით რატომ? აი, მაგალითად, წნორელ ხანდაზმულებს გაუჩნდათ იდეა, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გააკეთონ და ამისთვის მერიას მიმართეს, გამოუყონ 100 კვადრატული ფართი იმ შენობიდან, რომელიც, დაახლობით, 1,500 კვადრატული მეტრია, თითქმის ცარიელია და ბოლო ათწლეულია, ნადგურდება.
აღმოჩნდა, ამის უფლება მერიას არ აქვს. რატომ? იმიტომ, რომ შენობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს. ადგილობრივი ხანდაზმულების, ადგილობრივი ახლაგაზრდების და სხვა ინტერესის ლოკალურ გაერთიანებებს არ აქვთ ფუფუნება ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოების და შესაბამისად, მოქალაქეთა ინიციატივები კვდება და შენობებიც ნადგურდება. დიახ, ნადგურდება მიტოვებული შენობები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის საზღვრებშია, მაგრამ სამინისტროების საკუთრებაში.
მაგალითად, წნორში ყოფილი რუსული სკოლის (ზემოთ ხსენებული) შენობა ბოლო ათწლეულში დიდწილად განადგურდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ ჯანდაცვის და შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ მოქალაქეებს წაგვართვა რამდენიმე ასეული ათასი ამ შენობის უპატრონობით გამოწვეული დაზიანებებით. პარალელურად კი, თვითმმართველობას ჰყავს ხანდაზმულთა კლუბი, ახალგაზრდული/საბავშვო კლუბები, რომლებსაც შეკრებისა და განვითარების ადგილი არ აქვთ იმის პარალელურად, რომ ეკონომიკის სამინისტრო შენობას ანადგურებს და აჭიანურებს პროცესს, რომ თვითმართველობას გადმოსცეს შენობა, რომელიც ადგილობრივებს აქ და ახლა გვჭირდება.
მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”