ბორანოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

962

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტ ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება- განვითარების საფუძველზეა შექმნილი. მისი ისტორია საუკუნეების უკან იწყება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება.

მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება-განვითარება მესაქონლეობაში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

ტრადიციული ფორმით, ბორანო არის იაღში ჩალბობილი ყველი.

ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება.

ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის “სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს, სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს.

თანამედროვეობაში ბორანო, ძირითადად, აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარული სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.

ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი, ესენია: ბორა, ბორაიბორაო, ბორანი, ბორანო, მოხრაკული. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი/ბორანო. თედო სახოკიასთან მას ბორა ეწოდება. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია.

ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს.