გორის ციხის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მისი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის საკითხზე იმსჯელეს

1319

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის ჰაბის ორგანიზებით გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების თემაზე შეხვედრა მოეწყო.

ამჟამად გორის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამასთან, შეხვედრაზე ის საკითხებიც განიხილეს, რომელიც გორის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პერსპექტივებთანაა დაკავშირებული. ასევე, იმსჯელეს გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის, ციხის ტერიტორიის სრულად ათვისებისა და სამუზეუმო სივრცის მოწყობის საკითხებზეც.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

“კარგი შეხვედრა გვქონდა, რადგან ყველა დაინტერესებულმა მხარემ მივიღეთ მონაწილეობა და ერთობლივად ვიმსჯელეთ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების საკითხზე. საინტერესო იდეები გაჟღერდა, რაც შემდგომ გათვალისწინებული იქნება. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა მოვაწყოთ უშუალოდ გორის ციხეზე, სადაც ადგილზე გავეცნობით როგორც პირველადი სამუშაოების შედეგებს, ისე ლომჭაბუკის ძეგლის ირგვლივ მიმდებარე საპროექტო სამუშაოებს”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.