ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მეწყერსაშიშ ზონაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელსაც შპს “ლადა” აწარმოებდა, შეწყდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მშენებელი ამბობს, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მშენებლობის ნებართვა გეოლოგის დასკვნის გარეშე გასცა. მეწყრის გამო კი, სამუშაო რამდენჯერმე შეფერხდა. საბოლოოდ “ლადამ“ პროექტი დატოვა და ახლა დახარჯული თანხის დაბრუნებას ითხოვს.
ამასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ეს საქმე ისევე, როგორც ხელვაჩაურში ჩატარებული სხვა ტენდერები აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა. ერთ-ერთი შენიშნვა, რომელიც აუდიტს აქვს ახალშენის კულტურის სახლს ეხება, რომელსაც კიბე შესასვლელი კარის გარეშე გაუკეთეს.
მუნიციპალიტეტის საქმიანობით სუსი და ფინანსთა სამინისტრო დაინტერესდნენ. მერის განმარტებით, მეწყრული პროცესების განვითარება შპს “ლადას“ მიერ პროექტის ცვლილებამ და მიწის თვითნებურად ჩამოჭრამ გამოიწვია, რაც შეეხება პროექტის ხარვეზებს, მერია ამას ადასტურებს და განმარტავს, რომ შესაბამისი სამსახურის უფროსმა თანამდებობა უკვე დატოვა.