გორის მერიის სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შედის. კერძოდ, სოფლის გამგებელს შეეძლება უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქე გამოავლინოს, შეადგინოს ცნობა და წლიურად 100-ლარიანი დახმარებას გაცემა მოითხოვოს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნული საკითხი გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე უკვე წარადგინეს.
საკრებულოს წევრის მარლენ ნადირაძის თქმით, პროექტი არ მოსწონს და ის ბევრ კითხვას გააჩენს.
“განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ფულადი დახმარება განხორციელდება ერთჯერადად, ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. ბენეფიციარს გამოვლენა მოხდება ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებით.” – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება მერის სახელზე; დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
ხოლო, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე; (აქტი რომელიც ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ინფორმირებულობას და დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას)