მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის 1 298 588 ლარი დაიხარჯება.
შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყლით, გათბობით, ვენტილაციით, გარეგანათებითა და შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემებით. ასევე, სკოლა აღჭურვილი იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი სველი წერტილებითა და პანდუსებით. სკოლის განაშენიანების ფართობი 750 მ2 მოიცავს. ამასთან, მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შენობის შესაბამისობა სვანეთის კლიმატთან.
როგორც მერიაში განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უცხოური საწარმოს ფილიალი “ლასიკ-სტროი“ შეასრულებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.