თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო.
“სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 მარტიდან – 31 მაისის ჩათვლით”, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში გაიცემა, რაც წლიურად 2250 ლარს, ხოლო სემესტრულად 1125 ლარს შეადგენს.
სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ: 51 – 70 ქულა – სწავლის საფასურის 50%; 71 – 90 ქულა – სწავლის საფასურის 70% (თუ ოჯახს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი მიიღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას); 91 – 100 ქულა – სწავლის საფასურის 100%.
ამასთან, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.
დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; სამოტივაციო წერილი.