თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.
“თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2 250 ლარია, ხოლო სემესტრული – 1 125 ლარი. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 ან 100%-იან დაფინანსებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.