ბათუმის მერია ქობულეთს 2004 წელს გამოშვებულ ავტობუსს გადასცემს, რომლის ახლანდელი ღირებულებაც 700 ლარია. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს, ბათუმის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ერთი ავტობუსის ქობულეთისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. როგორც მოხსენებით ბარათში ბათუმის მერიის ქონებისა და სერვისების მართვის ხელმძღვანელი წერს, 2004 წელს შეძენილი ავტობუსის ამჟამინდელი ღირებულება 700 ლარია.
ავტობუსის გადაცემის მოთხოვნით, ბათუმის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2019 წლის 30 იანვარს მიმართა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბაზაზე ამ ეტაპზე 10 ე.წ. ყვითელი ავტობუსია. ქობულეთის მერიას დამატებით 40-მდე კონტრაქტი სამარშრუტო ტაქსებთან აქვს გაფორმებული.