თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღმაშენებლის ხეივანში მდებარე დროშის რეაბილიტაციის დავალება გასცა. როგორც კალაძემ განმარტა, დროშის საყრდენი ბოძი ქარმა დააზიანა და მას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.
“ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ვიცი, რომ გამგებლები და გამგეობის თანამშრომლები პრობლემების დროულად აღმოფხვრის პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართული. ქარმა აღმაშენებლის ხეივანში არსებული სახელმწიფო დროშა დააზიანა. როგორც ვიცი, საყრდენი ბოძიც დაზიანებულია. მინდა, დაგავალოთ, დაიწყოთ ახალი პროექტის განხორციელება, რათა დროშას ამინდის გაუარესებამ პრობლემა არ შეუქმნას. ვავალებ მერიის ადმინისტრაციის უფროსს, იმუშაოს დიდუბის გამგეობასთან ერთად, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.