სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამარტივებული წესით შესყიდულ სამშენებლო სამუშაოებში გამოვლენილი დარღვევები პროკურატურაში გაგზავნას ექვემდებარება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
2016-2017 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადებულია 19 ხელშეკრულება, როემლთა საერთო ღირებულება 338 000 ლარია.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, 338 000 ლარი წარმოადგენს შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულ ხარჯს.
“მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის მიუხედავად ვერ უზრუნველყო ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა ზედმეტი საბიუჯეტო სახსრები,“-აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, საკრებულომ შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის კონკრეტული წესი, ამასთან, გამოვლენილი დარღვევების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ.