მოსახლეობა: სიღნაღის 2018 წლის ბიუჯეტი საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული არ იყო

1298

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტმა 13 463 600 ლარი შეადგინა, საიდანაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 4 947 600 ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა, მოსახლეობის თქმით, თანხები არამიზნობრივად განაწილდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

“არ არსებული ინფრასტრუქტურა, გასული საუკუნის 60- იან წლებში გამოშვებული სამეურნეო ტექნიკა, ამორტიზებული სკოლები, დანგრევის პირას მყოფი საბავშვო ბაღები, სასმელად გამოუსადეგარი წყალი, საუბნო გზები დაბალი გამავლობისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის გაუვალია. ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მუნიციპალიტეტის 23 სოფლის განვითარებას მკვეთრად აფერხებს. დასახლებული პუნქტები ნაგავს მიაქვს, სოფელ ანაგაში საბავშვო ბაღის წინ უზარმაზარი სტიქიურად მოწყობილი ნაგავსაყრელია და ურნა ვერ დაგადგმევინეთ. გარე განათების კუთხითაც მუდმივი პრობელმებია; სოფლებში სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები არ არსებობს, შემოღობვასა და ნაგვის ურნების დადგმაზე უკვე აღარავინ ოცნებობს“,- განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.

ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს “ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, საკრებულოს წევრს გიორგი ბაბაკიშვილს. მისი თქმით, გასულ წელს ბიუჯეტის დამტკიცებას ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა, რადგან ის მოსახლეობის საჭიროებებზე კი არა, სოფელში გამგებლის წარმომადგენლებისა და დეპუტატების ინტერესებზე იყო მორგებული.

“დოკუმენტში ასახული არ იყო სოფლებში რეალურად არსებული პრობლემები. ბიუჯეტი ისე დაგეგმეს, რომ სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებზე ყოფილიყო მორგებული და არა შედეგზე ორიენტირებული. სოფლებში წყლის, სანიაღვრეების და სხვა უამრავი პრობლემა კვლავ დგას, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლებიც სოფელში არსებულ სხვა პრობლემებს ასახელებდნენ“, –ამბობს ბაბაკიშვილი.

აღნიშნულ ბრალდებებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხობენ. ვიცემერის, მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, გასული წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა და ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობაზე დაიხარჯა.

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურაზე 3 631 163 ლარი დაიხარჯა, ხოლო მთის ფონდმა 256 000 ლარი შეადგინა. რეგფონდიდან ასათვისებელი 903 959 ლარი დარჩა. ამისი მიზეზი კი, ის გარდამავალი 5 პროექტია, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, საგარანტიო თანხა შეადგენს 19 644 ლარს, რომელიც დეკემბრამდე დარჩება ბიუჯეტში. კონტრაქტორი კომპანიების მიერ დასრულებული და შემდეგ ჩაბარებული სამუშაოების თანხა გადაირიცხება მათ ანგარიშზე. ადგილობრივ ბიუჯეტში თავისუფალი ნაშთი დარჩა 969 800 ლარი, რადგან ბიუჯეტის შევსება იწყება ფაქტობრივად ნოემბრიდან. ჩვენ რომ სრულად გაგვეხარჯა თანხები, ვერც ხელფასებს გავცემდით და ვერც ვალდებულებებს შევასრულებდით. წინა წლებში 2 მილიონამდე ნაშთი რჩებოდა და ახლა ეს თანხა ათვისებული გვაქვს“,- განმარტავს მადონა ბატიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი სპონტანურად არ უნდა იყოს დაგეგმილი და მასში ვრცლად და თვალსაჩინოებისთვის უნდა იყოს ჩაშლილი თითოეული პროექტი და მისი მოსალოდნელი შედეგი.

“მომხრე ვარ პროგრამული ბიუჯეტირების. თვალსაჩინო უნდა იყოს თითოეული პროგრამა რას ემსახურება, რამდენ წელზეა გათვლილი, სტრატეგიულ გეგმასთან არის თუ არა კავშირში და მიგვიყვანს თუ არა გეგმით გათვალისწინებულ შედეგებამდე. როცა ეს არ ხდება, ბიუჯეტი იგეგმება სპონტანურად. კარგია ის, რომ სიღნაღის 2018 წლის ბიუჯეტი გაზრდილია, მაგრამ რას მოხმარდა არ ჩანს. მხოლოდ ერთჯერად ღონისძიებებზე დახარჯული ფული გადაყრილია. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა უნდა იყოს მაღალი. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო“,- განაცხადა  სათემო ცენტრ ‘ნუკრიანის” დირექტორმა მაია ბიძინაშვილმა.