თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატან ცვლილებაზე ინიციატივა დააყენა. რომლის მიხედვითაც, მარტოხელა მშობლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება.
როგორც თბილისის საკრებულოში განმარტავენ, ინიციატივა მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას.
საკრებულოში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესით, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურების სისტემატიზაცია მოხდა, რომლის მიხედვითად უპირატესი რეგისტრაციის უფლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალისა და იმ ოჯახის ბავშვებს მიენიჭათ, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.
“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2017 წლის მონაცემებით მარტოხელა მშობლის სტატუსი 2 320 პირს მიენიჭა.