ფოთის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ფოთის მერიის ყოფილი თანამშრომლის თამარ ჭოჭუას სარჩელი. მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის მარტში გამოცემული ბრძანება თამარ ჭოჭუას გათავისუფლების შესახებ. კომისიას დაევალა ხელახლა გადახედოს და შეაფასოს ატესტაციის შედეგები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა.
თამარ ჭოჭუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია, რადგან დარწმუნებულია, რომ კომისია იგივე შედეგებს ამჯერად ვერ დადებს.
მოსარჩელე მხარე მოითხოვდა კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.
მანამდე თამარ ჭოჭუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ატესტაციაზე კარგი შედეგები აჩვენა, გათავისუფლება კი პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან მეუღლე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრი იყო. მაშინ აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს ფოთის მერიაში და განაცხადეს, რომ ჭოჭუას მსგავსად, ატესტაციის შედეგად, ბევრი თანამშრომელი გათავისუფლდა.