მთაწმინდის გამგეობა მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლას მოაწყობს

959

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით, ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე 1-ელ თებერვალს განთავსდა, მიწოდების ვადად კი 8 მარტია განსაზღვრული.

ტენდერით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი “საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“ დაინტერესდა, რომელიც მთაწმინდის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობს.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ჩასატარებელი ერთდღიანი ღონისძიების აღწერა შემდეგია:

1) მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი, რომელსაც წინ გაუძღვება 12 კაციანი ორკესტრი;

2) შეჯიბრი გულისხმობს გარკვეული ტრასის, მინიმალურ დროში გავლას ავტომანქანის ფლობის ოსტატობის ამაღლების მიზნით. მონაწილე პროფესიონალი მძღოლების შერჩევას მოახდენს მიმწოდებელი, მონაწილე მრავალშვილიანი დედებს შეარჩევს შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი. ღონისძიების ჩატარებამდე, მიმწოდებელმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალბატონს უნდა ჩაუტაროს საკვალიფიკაციო ვარჯიშები. ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მრავალშვილიან 15 ქალბატონს გადაეცემა საჩუქრები.

3) მოედანზე უნდა მოეწყოს სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა.

4) ღონისძიება უნდა ჩაატაროს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ნებართვის მქონე, ან მის მიერ ლიცენზირებულმა ორგანიზაციამ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესასრულებელ მოვალეობებს შორისაა: 30 ცალი მანქანის ორმხრივი სტიკერის დამზადება, 60 ცალი გრძელმკლავიანი მაისურის დამზადება, დროშის, ბანერების,თასით, მედლებით და სიგელებით გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ასევე, მოთხოვნებს შორისაა, პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერები, 30 ცალი ყვავილების თაიგული მონაწილეებისთვის, ცნობადი მომღერლის მომსახურებით უზრუნველყოფა, ფოიერვერკი (კონფეტი) დაჯილდოებისთვის და ა.შ.