პარლამენტი მზად არის განიხილოს დადგენილების პროექტი, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
დადგენილების პროექტის თანახმად გორი, ამბროლაური, მცხეთა, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე და ზუგდიდი ერთ მუნიციპალიტეტად ყალიბდება.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად სწორედ დადგენილების პროექტს განიხილავს და უყრის კენჭს, ამის შემდეგ კი მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის კომიტეტებმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებების განხილვით, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის კოდექსიდან ამოღებას ითვალისწინებს, კანონი დაარღვიეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, პარლამენტს, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტების გაუქმებისა და ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ დადგენილება უნდა მიეღო და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა “ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომელიც 12 თვითმმართველი ქალაქის ჩამონათვალიდან 7-ის ამოღებას ითვალისწინებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი