გურჯაანის მერიამ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

818

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმას ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ თანამდებობაზე ღია კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 400 ლარს შეადგენს.

“კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ სრული ზოგადი განათლება, თუმცა ამ პოზიციაზე აუცილებელი მოთხოვნა არ არის სამუშაო გამოცდილება. პირს, რომელიც ამ თანამდებობაზე დასაქმდება, გამოსაცდელ ვადად 12 თვე მიეცემა“, – აცხადებენ გურჯაანის მერიაში.

კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 22 თებერვლამდე შეეძლებათ.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში მიიღებს.