ჭიათურაში ახალგაზრდები მერის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენას ითხოვენ

1074

ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს ახალგაზრდები გამოეხმაურენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების მხრიდან კი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ იდგმება, ამიტომ ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” დააფუძნა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“მომავლის ჭიათურას” დამფუძნებლის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის, მიგრაციის და სოციალური მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა.

“ჩვენ დავაფუძნეთ ორგანიზაცია და გვინდა, რომ ქალაქში გადაიდგეს პოზიტიური ნაბიჯების ჭიათურის საკეთილდღეოდ. მუნიციპალიტეტში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ასევე, ვიმყოფებით ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე. მოგეხსენებათ, რომ მაისში ჭიათურაში არჩევნები ჩატარდება, სადაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ, რომ არ დაასახელონ პარტიული კანდიდატები და მოხდეს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც საზოგადოებისგან მაღალი ნდობა ექნება,”- აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა ნადირაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.