სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გორის მერიამ ახალი მარშრუტები დაამატა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის საკრებულოს ცნობით, მარშუტებს კარალეთის დევნილთა დასახლების მიმართულება დაემატა, სადაც 3 უბანია. ამ უბნებიდან მოსწავლეებს გორის მე-4 სკოლაში გადაიყვანენ. ამავე მარშრუტში შედის ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებიც. ისინი უკვე დადიან ქალაქ გორის მეოთხე საჯარო სკოლაში.
ასევე, საკრებულოს ინფორმაციით, დაემატა მარშრუტი ქვემო ნიქოზიდან და ხვითიდან ზემო ნიქოზის სკოლამდე. რაც შეეხება სოფელ ხიდისთავს, აქ აზნეთის დასახლებიდან ხიდისთავის სკოლამდე ბავშვებისთვის მიკროავტობუსი მხოლოდ 1 სემესტრში ივლის.