სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის

852

წინა სტატია

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი და სამეურნეო წყლის გარეშე დარჩენილ სკოლებს შორის სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

11 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, სკოლებში წყლის, საპირფარეშოების სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშით ირკვევა, რომ 10 რეგიონში მოქმედ 1 897 საჯარო სკოლიდან 94–ს სასმელი და სამეურნეო წყალი საერთოდ არ მიეწოდება. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი უწყლოდ დარჩენილი სკოლა სამცხე–ჯავახეთშია.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ სამცხე–ჯავახეთის 168 საჯარო სკოლიდან 115–ის შენობაში წყალი შეყვანილი არაა და ხელის დაბანა მხოლოდ ეზოებშია შესაძლებელი. 15 კი ჭისა და ჭაბურღილის წყლით მარაგდება. რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ 61 სკოლაა ისეთი, სადაც ცენტრალური წყალმომარაგება სკოლის შენობაშია.

საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყნის ექვს რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, მათ შორის დიდი და პატარა სკოლები სოფლებსა და ქალაქებში. ანგარიშის მიხედვით, სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.

“საყურადღებოა, რომ რეგიონებში, წყლის უვნებლობის მონიტორინგის კუთხით განსხვავებული მდგომარეობა იკვეთება. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინიციატივით, აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლიონ წყლის უვნებლობა რეგიონებში მდებარე სკოლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებით, დაწესებულებას სათანადო ფინანსური რესურსი არ აქვს საიმისოდ, რომ თავიანთი ინიციატივით გამოიკვლიონ შესაბამის ლაბორატორიებში სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური უვნებლობა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სპეციალური რეგულაციების არარსებობაზეც. შემოწმებული სკოლების უმრავლესობას წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ რეგულაციები არ გააჩნია (77,4%).

ასევე გამოვლინდა, რომ საჯარო სკოლები პრობლემურია სკოლების წყალმოხმარებასა და არაჰიგიენური მდგომარეობითაც, მათ შორის, საუბარია ბუფეტის, სამედიცინო კაბინეტის და ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემის არარსებობაზე.