გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 ახალ თანამშრომელს აიყვანს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ორი ახალი თანამშრომლის აყვანაზე თანხმობა საკრებულოს მერიამ სთხოვა. როგორც მერიამ განმარტა ახალი თანამშრომლების აყვანა პროგრამის -“სამოქალაქო ბიუჯეტი” ეფექტიანი განხორციელებისთვის არის საჭირო.
“მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამა “სამოქალაქო ბიუჯეტი“, სადაც გამოხატულია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ნება, თუ რას თვლიან პრიორიტეტად მათ უბანში და თემში. ამან განაპირობა 93 ერთეული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საჭიროება (პროექტი და ხარჯთაღრიცხვა), რომლის გარეშეც აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყველა შედგენილმა პროექტმა უნდა დააკმაყოფილოს ექსპერტიზის მოთხოვნები და გადავიდეს ტენდერზე გამარჯვებული მიმწოდებლის გამოსავლენად. ვინაიდან სამსახურის დებულებით, საპროექტო სამუშაოების მომზადება არ ევალებათ ამავე სამსახურის სპეციალისტებს, ამიტომ ამ სამუშაოების დროულად შესასრულებლად მიზანშეწონილია შრომითი ხელშეკრულებით ორი სპეციალისტის აყვანა”, – წერია დოკუმენტში, სადაც მერია ორი ახალი თანამშრომლის აყვანის საჭიროებას განმარტავს.
საკრებულოს წევრებმა მერიის თხოვნა დააკმაყოფილეს და ორი ახალი თანამშრომლის აყვანაზე თანხმობა მისცეს.
ინფორმაციისთვის, გარკვული რაოდნეობის თანამშრომლების აყვანის შემდეგ, მერიას დამატებითი ადამიანების დასაქმებისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება. გასულ წელს, ასეთი თანხმობის საფუძველზე, მერიამ 7 დამლაგებელი აიყვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც უწყებამ დასუფთავების მომსახურების შესყიდვა კერძო კომპანიისგან დაიწყო, ეს ადამიანები სამსახურიდან დაითხოვა. ამჯერად კი, გამონაკლისის სახით, 2 სპეციალისტის აყვანა გადაწყვიტა.