ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, მესამე კვარტალში, N13 კორპუსის გამაგრებას დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა 9 თებერვალს აქცია გამართეს და კორპუსის გამაგრების სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს.
გალაქტიონ ბუაძისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მერია შენობის გამაგრებას აღარ აპირებს. მისი თქმით, რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდულია და პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 600 000 ლარს შეადგენს.
“აღნიშნული შენობა ავარიულია, დაახლოებით, მესამე კატეგორიის დაზიანებები გააჩნია. რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 2 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დაწყებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვაპირებთ. ეს იქნება გარდამავალი პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მასშტაბურია. კორპუსი ხუთ სადარბაზოს მოიცავს. სრულიად გაურკვეველია, რატომ გაჩნდა აზრი, თითქოს დედაქალაქის მერია შენობის რეაბილიტაციას არ აპირებს. პროექტის დასრულება 2020 წელს იგეგმება. თუმცა დაზუსტებულ ვადებს და ბიუჯეტს მას შემდეგ დავსახელებთ, როცა უკვე სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.
მისივე განმარტებით, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია დედაქალაქის მერიის პრიორიტეტად რჩება, თუმცა მასშტაბურობიდან გამომდინარე, თბილისში არსებული ყველა ავარიული კორპუსის გამაგრების სამუშაოები ერთდრულად ვერ განხორციელდება.
გალაქტიონ ბუაძის თქმით, შენობების შერჩევა მათი ავარიულობის და მასშტაბურობის მიხედვით ხდება, რეაბილიტაციის დაწყებამდე კი გარკვეულ პროცედურებს, მათ შორის, სპეციალურ ექსპერტიზას გადის.
“ავარიული შენობების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად რჩება და ამისთვის სპეციალური პროგრამაც გაგვაჩნია. როგორც კი მოსახლეობისგან ან ამხანაგობებისგან მივიღებთ შეტყობინებას ავარიული შენობის შესახებ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია მყისიერად ახდენს პირველად, ვიზუალურ შეფასებას. ამის საფუძველზე ხდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. ყველა ეს პროცედურა არის დაცული და პრიორიტეტების მიხედვით ვმუშაობთ. რეაბილიტაციის ყველა პროექტი აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ სპეციალურ ექსპეტიზას გადის. ამის შემდეგ ტენდერი ცხადდება და სამუშაოების შესრულებაც იწყება.
თუ ნახავთ სტატისტიკას, დედაქალაქში რა რაოდენობის ავარიული შენობაა, რომელიც ათეულობით წლების წინ აშენდა, მიხვდებით, რა მასშტაბების სამუშაოებზეა საუბარი. ყველა შენობის ერთდროულად რეაბილიტაცია არარეალისტურია. შესაბამისად, დედაქალაქის მერიაც სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს და ამა თუ იმ შენობის რეაბილიტაციას მისი კრიტიკულობის და მასშტაბურობის გათვალისწინებით ახდენს“, – განაცხადა ბუაძემ.