როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სარკინიგზო ბაქანის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“პროექტის ფარგლებში, სარკინიგზო ბაქანი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ადამიანზე გათვლილი მოსაცდელი დარბაზი მოეწყობა.
სარკინიგზო ხაზით, ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც აქტიურად სარგებლობენ. გორიდან უფლისციხეში მოსახვედრად, ეს მარშრუტი უმოკლესი, კომფორტული და იაფი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის”, – განმარტავენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა ვასილ ხორავამ დაგეგმილი პროექტის უმოკლეს ვადებში დაწყების საჭიროება ადგილზე შეაფასეს.