ავტორები:
კონსტანტინე კანდელაკი
მამუკა აბულაძე
1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმის წინაპირობები
თანამედროვე საქართველოს მუნიციპალურმა სისტემამ, რომელიც 1998 წლიდან ხელახლა ყალიბდება, ჯერაც ვერ მიიღო ისეთი დასრულებული სახე, რომ ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ თავისებურებებთან შესაბამისობაში იყოს. ისტორიულად საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციული მოწყობის ორი დონის გამოყოფაა შესაძლებელი:
- პირველი დონე – ქალაქი, დაბა, სოფელი და თემი (რამდენიმე მცირე და საშუალო სოფლის გაერთიანება) – საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე 4,5 ათასზე მეტი დასახლება;
- მეორე დონე – ისტორიული მხარეები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ, ან ერთიანი ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებს – საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე 10-15 ერთეული.
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში (1801-1917), XIX ს. 60-იანი წლებიდან პირველ დონეს ქმნიდნენ თვითმმართველი ქალაქები და სასოფლო თემები – არჩეული მმართველობითი სისტემითა და კომპეტენციებით, ხოლო ადილობრივი მმართველობის მეორე დონეს – მაზრები (ქვეყნის ამჟამინდელ ტერიტორიაზე 18 მაზრა იყო). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პერიოდში სწორედ ამ ორ დონეზე ჩატარდა პირველი საერთოეროვნული მუნიციპალური არჩევნები (1919).
მუნიციპალური სისტემის განვითარების პროცესი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921) შედეგად შეფერხდა. 1930 წლიდან საქართველოში მოხდა საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი რაიონული დონის ფორმირება. რაიონები უფრო მცირე ერთეულებს წარმოადგენდნენ, ვიდრე რეგიონები (ოლქები, მხარეები) და მათი შექმნა განპირობებული იყო ცენტრალიზებული ერთპარტიული მართვისა და გეგმიური სოციალისტური ეკონომიკური სისტემის მოთხოვნებით.
საბჭოთა კავშირის დაშლის ეტაპისათვის (1991) საქართველოში არსებობდა: 3 პოლიტიკური ავტონომია (აფხაზეთისა და აჭარის რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ოლქი), 75 რაიონი და რაიონის სტატუსის მატარებელი (+ 10 დედაქალაქში შემავალი რაიონი), 1051 პირველი დონის ერთეული (ქალაქი, დაბა, სოფელი, თემი).
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეებს იღებდნენ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ძალები, მაგრამ ადმინისტრაციული დაყოფის გადახედვა და კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის საჭიროებებისთვის, დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის მუნიციპალური მოწყობის მისადაგება არ მომხდარა, მკაფიო ხედვაზე დაფუძნებული პოლიტიკური ნების არარსებობის გამო. სხვადასხვა მოსაზრებებით, როგორიცაა ადგილებზე სტაბილურობის შენარჩუნება, რეფორმის ჩატარებისათვის შესაფერისი საგარეო ან საშინაო სიტუაციის არარსებობა, სისტემის ტრადიციულობა თუ ცენტრიდან მართვის სიიოლე, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები პრობლემის გადაწყვეტას გაურკვეველი ვადით გადადებდნენ-ხოლმე. ამგვარად, ქვეყანაში შემორჩენილია საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მოდელი.
იხილეთ ნაშრომი სრულად: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა – საჭიროება და მომავლის ხედვა – 2016