თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს.
როგორც მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე, სამონტაჟო სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.) დასრულდა.
“არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს”, – განმარტავენ მერიაში.
“ქვათა ცვენისგან დამცავი ბადეები სამ სხვადასხვა მისამართზე გაკეთდა. ჩვენ ვაგრძელებთ დამცავი ბადეების დამონტაჟებას, რომ ქალაქში უსაფრთხოება დაცული იყოს. სამწუხაროდ, მსგავსი ადგილი ბევრი გვაქვს და მათ მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს თანამედროვე მიდგომები, რომელიც აღნიშნულ პროექტებზე იქნა გამოყენებული, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს კიდევ რამდენიმე მისამართზე დაამონტაჟებს. სამონტაჟო სამუშაოები თბილისის შპს “მანგიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 855 000 ლარი დაიხარჯა.