კალაძე: გააძევეთ კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა

1099

წინა სტატია

“კომპანია, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში პარკს აშენებდა, უნდა გავაძევოთ – ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ქალაქთან მიმართებაში”, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია, რომელსაც გლდანის მე-6 მიკრორაიონში სკვერის მოწყობა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია სკვერების და პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია და ახალი საქალაქო პარკების შექმნა-მშენებლობა. გამგეობები აქტიურად მუშაობს სკვერების მოწყობაზე და მოწესრიგებაზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მე-6 მიკრორაიონში, სადაც ჩვენ პარკის მშენებლობა გასულ წელს დავიწყეთ.

ყველა ამ პროექტის განხორციელების დროს ჩვენ გვყავს კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც ტენდერის გზით დგინდება. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. რატომ ვსაუბრობ ამ პროექტზე? ჯერ ერთი, სამუშაოები უნდა დაესრულებინა ნოემბერში და ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურმა მთელი რიგის სამუშაოები გააჩერა. მინდა გაჩვენოთ ფოტოები და უბრალოდ გული დაგეწვებათ, თუ რა სამუშაოები არის გაკეთებული და როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცა ეს კომპანია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ვაჩვენოთ, როგორი მიდგომა და დამოკიდებულებაა.

ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, გული არ უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ასეთი დამოკიდებულება გქონდეს ქალაქთან მიმართებაში. ეს მარტო გლდანისთვის ხომ არ კეთდება? ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას მწვანე სივრცეები და ყოველთვის ვუსვამთ ხაზს ხარისხს. დღეს გაკეთებულის ხვალ და ზეგ ისევ გაკეთება არ უნდა გვიწევდეს. მინიმუმ რამდენიმე ათეული წელი ხომ უნდა გაუძლოს იმან, რაშიც დღეს თანხები იდება? ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და პირდაპირ ვამბობ – ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის თბილისის მოსახლეობის პირდაპირი შეურაცხყოფა.

მინდა დავავალო ირაკლი ბენდელიანს, რომ გააძევონ ეს კომპანია. ადამიანები თვეებია ელოდებიან სამუშაოების დასრულებას. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სამუშაოების დასრულება და ამ კომპანიასთან მოხდეს შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა კალაძემ.