გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.
“გლდანის მე-6 მიკრორაიონში მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ, რომელიც ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. როდესაც მოსახლეობას შევხვდი, მათი მხრიდან დაფიქსირდა თხოვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკი მოწყობილიყო. ადრე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აქ პარკი და ძალიან ლამაზი სივრცე არსებობდა, თუმცა დღეს, ყველაფერი გაუბედურებულია. მაშინ მოსახლეობას დავპირდი, რომ აქ ერთ-ერთი საუკეთესო პარკი მოეწყობოდა. ეს არა მხოლოდ მეექვსე მიკრორაიონელებისთვის, არამედ მთლიანად გლდანისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. პარკი გამწვანდება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, მოეწყობა საკალათბურთო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. პარკში ასევე, ამბრის ხეებისგან ხეივანი მოეწყობა.
სამუშაოები, რომელსაც შპს “ტაო“ ასრულებს, დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.