საბურთალოს რაიონში, პეკინის №23(ა)-ში, წლების წინ დახურული საბავშვო ბაღი სექტემბრიდან გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბაღის შენობას გამაგრებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა – მოეწყო შენობის შიდა სივრცე და ეზო. სამუშაოების ღირებულებამ 1 318 000 ლარი შეადგინა.
მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა 9, მათ შორის, 2 ბაგის ჯგუფი გაიხსნება და 70-მდე ადამიანი დასაქმდება.
გამსახურდიას 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
ახალი ბაღების ნუმერაცია დასრულდა და პეკინის N23 მდებარე ბაღი N74 იქნება.