15 სექტემბრამდე თბილისის ქუჩებს მინიმუმ 18 ახალი შუქნიშანი შეემატება. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 18-დან 15 ობიექტის ადგილმდებარეობა უკვე განსაზღვრულია. კერძოდ:
ქვეითთა გადასასვლელებზე ღილაკიანი შუქნიშნები განთავსდება: წერეთლის გაზირისა და გორის ქუჩის კვეთასთან; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხოშარაულის 29-სთან; მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან; მარშალ გელოვანის გამზ. 6-თან; უნივერსიტეტის ქუჩა 6-თან; ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან „წისქვილთან“;
ასევე, შუქნიშნების რეაბილიტაცია და მონტაჟი გათვალისწინებულია: აბაშიძე-ბერძენიშვილის ქუჩების კვეთასთან; ჯავახიშვილი-გორკის ქუჩების კვეთასთან; ჩიტაია-მამარდაშვილის ქუჩების კვეთასთან; ჩიტაია-მარჯანიშვილის ქუჩების კვეთასთან; ჩიტაია-კლდიაშვილის ქუჩების კვეთასთან; წინამძღვრიშვილი-გოგიბერიძის ქუჩების კვეთასთან; ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველის ქუჩების კვეთასთან; ჩიქობავას მოედანზე და ფიროსმანის მოედანზე.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, კიდევ 3 ახალი შუქნიშნის ადგილმდებარეობა მოკლე ხანში დაზუსტდება.
18 შუქნიშნის მონტაჟისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 1 745 600 ლარია გამოყოფილი, ხოლო ეკონომიის შემთხვევაში, წელს თბილისში კიდევ რამდენიმე შუქნიშანი განთავსდება.
ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 240 შუქნიშანია. შარშან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ქუჩებში 18 ახალი ობიექტი დაამატა, ხოლო 25–ზე ძველი შუქნიშანი ახლებით შეცვალა.