აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა.
აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, აჭარის მთავრობის ჩართულობითა და წითელი ჯვრის თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა შუახევისა და ხულოს მოსახლეობას და პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში.
“ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი. ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. წითელი ჯვრის მთავარი მისიაა დაეხმაროს ადამიანებს საგანგებო სიტუაციებით და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში.