გორის მერია რაგბის ჯგუფებს ფინანსურად დაეხმარება

607

გორის მერია აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანხით თანადაფინანსება გაუწიოს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც და ინტერესიც მიმართულია რაგბის განვითარების ხელშეწყობისკენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე 8 თებერვალს განიხილავენ. გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის” საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდებიან სასკოლო გუნდებიც.

“პროგრამის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაგბის განვითარების ხელშეწყობა. რაგბიში ჩართული გუნდებისა და სკოლებისთვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა და ამ გზით მათი სპორტული მიღწევების და შემდგომში პროგრესის ხელშეწყობა”, – აღნიშნულია განკარგულების პროექტში.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ასაკობრივი გუნდი ფუნქციონირებს და გორის სახელით ასპარეზობენ, როგორც უმაღლეს (“დიდი 10“), ასევე რეგიონულ ლიგაში.