“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.
კრებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის კრებას ხურვალეთის, ახალი ხურვალეთისა და ბობნევის მოსახლეობა დაესწრო. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 2 პროექტი დაფინანსდება. სოფელში მდებარე შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, სპორტული დარბაზი მოეწყობა და ის სამივე დასახლებას მოემსახურება. ასევე, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.